„GEclose2EU"-ს შესახებ
შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU") 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.
უკვე დასასრულს მიუახლოვდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც კომპანიებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას გულისხმობს. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო ორგანიზაციებითვის კონკურსი მაისის თვეში გამოცხადდა. მასში მონაწილეობა 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. საბოლოოდ კი შეირჩა 60 ორგანიზაცია, რომლებმაც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს და სამომავლო განვითარების სპეციალური გეგმა შეიმუშავეს. შერჩეული კომპანიებისთვის დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები, ხოლო მომავალ წელს გამარჯვებული ორგანიზაციები გაივლიან საინფორმაციო-საგანმანათებლო კურსს შვედეთში. კომპანიების დახმარების მეორე ეტაპზე იგეგმება 40 კომპანიის შერჩევა კვლევის შედეგად გამოვლენილი საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების წარმოების სექტორებიდან, რომლებიც ანალოგიური ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებენ. პროექტის კვლევით კომპონენტში ასევე დასრულდა საქართველოს რეგიონებში პერსპექტიული ბიზნეს-დარგების კვლევა და ევროპის ქვეყნებში იმ რეგულაციების კვლევა, რომელთა დაკმაყოფილება მოუწევთ საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს ევროპის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა პირველი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მედიატური შვედეთში, რომელშიც 10 ჟურნალისტი მონაწილეობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იმ სპეციფიკასა და სამუშაო სტილს, რასაც შვედეთის მთავრობა იყენებს შვედური ბიზნესის მხარდაჭერისთვის. უკვე მომავალ წელს შვედი ჟურნალისტები ეწვევიან საქართველოს, რათა ახლოს გაიცნონ ქართული კომპანიები და მათ ევროპაში ცნობადობის ზრდაში დაეხმარონ.
პროექტი „GEclose2EU" ასევე მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმის - tradewithgeorgia.com-ის განვითარებას. ონლაინ კატალოგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა და იგი პოპულარიზაციას უწევს ქართულ კომპანიებს მსოფლიო ბაზრებზე. ამ ეტაპზე საიმიჯო კატალოგში უკვე 100-ზე მეტი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.